ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, გული დასწყდებოდა. მათ შორის მეც ძალიან გული დამწყდა და ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩემი აზრით, ცხადია, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, ეწყინებოდა მომხდარი ფაქტები, გული დასწყდებოდა. მათ შორის მეც ძალიან გული დამწყდა და ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან არასასიამოვნო იყო და ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება. პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან. თუ ნახეთ კადრები, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო გამოყენებული. კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა.
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც და ასე შემდეგ, საკმაოდ ხშირია ასეთი სტილის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე არის ძალიან უშნო. როგორც უკვე გითხარით, ბევრ მოწინავე ქვეყანაში ძალიან ხშირია, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს. არ ვიძახი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტებია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
