ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეიდან, 3 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ.
"თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა შეზღუდული იყო 22:00 საათამდე. იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში გამართულ ღონისძიებებზე შეინიშნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა 22:00 საათამდე იმუშაონ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილი მოქალაქეებს ახსენებს, რომ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილები, ქელეხები, ნათლობები და ა.შ.) დასწრება შეზღუდულია 10 კაცამდე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 დაიღუპა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253. 2 264 პაციენტი კოვიდსასტუმროებში მკურნალობს.