logo
ENG



ცქიტიშვილი ხაზარაძის მუქარის წერილზე: გახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს

22 აგვ 202011:33
3 წუთის საკითხავი
 

გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს, - ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ცდილობს წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება გახარიას გადარჩენას.

ცქიტიშვილის თქმით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ მამუკა ხაზარაძის მუქარის წერილთან გახარიას კავშირი არ ჰქონდა.

"ამაზე ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც მაშინ ბატონ გახარიასთან და რაც ნამდვილად მინდა, კომენტარის სახით გავაკეთო - გადასარჩენიც გახარიას არაფერი სჭირს", - თქვა მინისტრმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 21 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. 

წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა. პროკურატურა იუწყება, რომ ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს დაემთხვა.

საქმე ეხება 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილს, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. 

ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა. 


close დახურვა