logo
ENG



ცხინვალის ტაძარში წირვა რუსმა მღვდელმა აღავლინა, მეუფე გერასიმე მოსკოვს წერილით მიმართავს

13 იან 202121:54
3 წუთის საკითხავი
 
ცხინვალის ტაძარში წირვა რუსმა მღვდელმა აღავლინა, მეუფე გერასიმე მოსკოვს წერილით მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, ასევე ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს წერილით მიმართა. 

როგორც მიტროპოლიტი წერს, საქართველოს საპატრიარქომ მედიიდან შეიტყო, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა, რაც მიუღებელია. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ქალაქი ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. 

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში". - ნათქვამია მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში. 


close დახურვა