logo
ENG



ცხოველის წამების/სასტიკი მოპყრობის გამო სასჯელი მკაცრდება - კანონი მე-3 მოსმენით დაამტკიცეს

30 ივნ 202313:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/gwxq2syo58j0xlh.jpg

ცხოველის წამებისა ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა.

კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით; ვადით - 2 წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 1-დან 3 წლამდე.

18 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა. 

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მნიშვნელოვანია ამ თემის გააქტიურება.


close დახურვა