"დღეს არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გვაქვს უფლება, რომ დაუსაბუთებლად ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ", - ასე გამოეხმაურა ახალი საქართველოს ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე "ბნელ მხარს გადავიდა".
ვაშაძემ ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქართული ოცნების 8-წლიანმა მმართველობამ აჩვენა, რომ მნიშვნელობა ხალხის ინტერესს აქვს და არა ერთპარტიულს.
"დღეს ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია. მილიონზე მეტი ადამიანი მშიერი და ყოველდღიურად იბრძვის, რომ ელემენტარული ლუკმა პური მოიპოვოს. შესაბამისად, ვფიქრობ, არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გვაქვს უფლება, დაუსაბუთებლად ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ. ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში. მე მოვისმინე მიხეილ სააკშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ, წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე ვიფიქროთ და ერთიანობაზე. ვფიქრობ, 8-წლიანმა გამოცდილებამ ძალიან კონკრეტულად დაგვანახა, რომ ერთპარტიულ ინტერესს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა. ჩვენი მორალური კომპასიც ეს არის, რომ ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ მხარეს, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიამ საქართველოში შემოიტანა", - განაცხადა ვაშაძემ.
მან საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი, რისთვისაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა სურს, ქვეყანაში სიღარიბის დასრულებაა.
"ერთი კვირის წინ ჩვენ დავაფუძნეთ სტრატეგია აღმაშენებელი და დავიწყეთ კამპანია იმ მიზნით, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი, დავამარცხოთ სიღარიბე ქვეყანაში. ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი ერთადერთი მიზნისთვის, რომ აღარცერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმა პურის ძიება. ამისთვის ვაპირებთ, მთელი საქართველო შემოვიაროთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
27 ივლისს "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს.