პლენარულ სხდომამდე მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი იურიდიულმა კომიტეტმა დაუჭირა, ხმაურის და დაძაბულობის ფონზე. უპრეცენდენტო იყო ის ძალადობა, რომელიც დღეს უმრავლესობის წევრების მითითებით მანდატურებმა ჟურნალისტების მიმართ გამოიჩინეს, კომიტეტის სხდომა მედიის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს მოსამართლეების არჩევისას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მოგვიანებით კი ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ხელისუფლებას ოპონენტებმა სისხლის სამართლის დამნაშავეები უწოდა.
„ტაბულას" ჟურნალისტი მანდატურებმა იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, რა დროსაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მედიის წარმომადგენლების დარბაზიდან გაძევებას წინ დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას პროტესტი უძღოდა, ის კომიტეტის თავმჯდომარის გვერდით დაჯდა და სხდომის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც მანდატურებმა დარბაზიდან ჟურნალიტები ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაძევება დაიწყეს. დაპირისპირება ჟურნალისტებსა და მანდატურებს შორის დარბაზის გარეთ, დერეფანშიც გაგრძელდა. მედიის წარმომადგენლები სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მანდატურები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ შეიყვანეს.
ჟურნალისტებზე ძალადობის გამო „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა თავი ემართლებინა. უმრავლესობის ლიდერმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ჟურნალისტებს მითითებები მისცა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჟურნალისტებზე ძალადობის მიზეზად ოპონენტებთან დაპირისპირება დაასახელა. არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მომხდარის გამო. „ტაბულას“ ჟურნალისტთან კამათისას კი მედიას ობიექტური გაშუქებისკენ მოუწოდა.
კომიტეტზე მომხდარი დაპირისპირებაზე განცხადებები პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდა. ეკა ბესელიამ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულად შეაფასა და უმრავლესობა პასუხისმგებლობის მანდატურებზე გადატანაში დაადანაშაულა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.