ძალადობის შემცველი ბანერები დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც გამოჩნდა. სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის მოსახლეობას დახვდა.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეშინებული ხელისუფლების კამპანიაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას არც ამ არჩევნებზე აქვს რესურსი, ამომრჩეველს დაპირებების ენით ესაუბროს და ამიტომ ძალადობის წახალისების ბინძური კამპანიის გზას ადგას.
„ცუდი ისაა, რომ ბათუმი განსაკურებული ქალაქი იყო, მეტი პოლიტიკური კულტურის მატარებელი. ასლან აბაშიძის დროსაც კი სიძულვილის ეს მასშტაბი არ იგრძნობოდა ამ ქალაქში. მართლა მაინტერესებს, ოცნების შტაბმა ვისთვის გააკრა ეს ბანერი", - ამბობენ ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები.
სიძულვილის ენას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოწოდება " მოდი არჩევნებზე" დაუპირისპირეს ქუთაისში. პერფორმანსი გუშინ გვიან ღამით გაიმართა. პლაკატი კი, რომელიც ახალგაზრდებმა სისხლიან ბანერს გადააკრეს, დილით ჩამოხეული დახვდათ.
„პოსტერის დამკიდებელიც და ჩვენი ბანერის ჩამომხსნელიც უბრალოდ ასრულებს მანქანის, ბიუროკრატიის დავალებებს. ამ საფრთხობელასი ნუ შეგვეშინდება, ეს უკვე აღარ არის საშიში. მოვუწოდებთ ყველას, რომ მოვიდნენ რეფერენდუმზე და ნუ შეეშინდებათ ბიძინა ივანიშვილის", - ამბობენ ოპოზიციონერები ქუთაისში.
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს - აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.