5 ივლისს ძალადობრივი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, აკაკი ნაკაშიძეს მოსამართლემ 2 300 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. კერძოდ, დაკავებული პირი მრგვალ ბაღთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა.
მანამდე, კიდევ ერთს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, დარჩენილი 6 პირის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.
ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა.
პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები.
თუმცა, ადგილზე ძალიან ცოტა პოლიციელი იყო. ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები არ აღკვეთა.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც გაგრძელდა.
პოლიციამ 53 ჟურნალისტის ცემისთვის პოლიციამ სულ 11 ადამიანი დააკავა, მათგან 8 - ადმინისტრაციული წესით.