ეროვნულ გამოცდებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. პედაგოგთა ნაწილი კატასტროფულ შედეგებს ელოდება, სპეციალისტები კი, პანდემიის გამო შექმნილი გართულებების დასაბალანსებლად ბარიერის დაწევას მოითხოვენ. აბიტურიენტი თორნიკე ჯანჯღავა აცხადებს, რომ პანდემიამ სწავლაში ხელი შეუშალა, დღეს კი გაიგო, რომ გამოცდების ჩაბარებაც განსაკუთრებულ ვითარებაში მოუწევს. მისთვის მთავარი პრობლემა პირბადეა. ამბობს, რომ სუნთქვის უკმარისობა აქვს და საათობით უკონდიციონერო სივრცეში ასე გაძლება გაუჭირდება. ეს სტრესული გარემო კი პირველ რიგში შედეგზე იმოქმედებს. პირბადეა მთავარი პრობლემა სხვა აბიტურიენტებისთვისაც.
პირბადეებისა და კონდიციონერის გარდა, აბიტურიენტებში პროტესტს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება იწვევს, რომლის მიხედვითაც სიცხისა და სიმპტომების გამო გამოცდიდან მოხსნილ აბიტურიენტს მეორე შანსი აღარ მისცემენ. ახალგაზრდები საგამოცდო პროგრამის გამარტივებასაც მოითხოვენ, რაც როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა არ იგეგმება.
2020 წლის ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში სპეციალური შეზღუდვებით წარიმართება. მთავარი საკითხი თერმოსკრინინგია. სტუდენტი ვალდებული იქნება პისიარ ტესტი ჩაიტაროს, თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე სიმპტომები გამოუვლინდა. გაიწერა პროტოკოლი, რომელიც სიცხიან სტუდენტებთან მოქმედების გეგმას დაარეგულირებს. გამოიყო სპეციალური ოთახები მათთვის, ვისმა ტესტმაც კორონაზე უარყოფითი აჩვენა, თუმცა სიცხე და სხვა სიმტომები აქვს. ამოქმედდება სხვა რეგულაციებიც, რომელიც 24 საგამოცდო ცენტრში 55 000-ზე მეტი სტუდენტის მობილობას დაარეგულირებს. საგამოცდო ოთახში 12 კაცი დაიშვება, აქედან 2 დამკვირვებელი უნდა იყოს. კონდიციონერები მხოლოდ სესიების დაწყებამდე ჩაირთვება.
განათლების ექსპერტების ნაწილი ახალ რეგულაციებს გაგებით ეკიდება, თუმცა მათი თქმით, სტრესული გარემო დაბალი ბარიერითა და სხვა საგამოცდო შეღავათებით დაბალანსებას მოითხოვს. ნაწილი კი განათლების სამინისტროს რეაქციული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს, რომელიც ერთი შეხედვით არაადამიანურიც კია.
დაანონსებული რეგულაციების აღსრულება ფანტასტიკის სფეროა იმ ხალხისთვის, ვინც აბიტურიენტებთან წლებია მუშაობს. პედაგოგი ცირა თევდორაშვილი დარწმუნებულია, რომ შედეგი კატასტროფული იქნება. ის პირბადეების დამცავი ფარებით ჩანაცვლებას მოითხოვს და ბარიერის დაწევის მომხრეცაა.
ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. 25 ივლისს გაიმართება საგრანტო კონკურსიც. სამაგისტრო გამოცდებს კი პირველი აგვისტოდან 4 აგვისტომდე პერიოდში დაწერენ.