ძაღლებს ადამიანებზე 10 000-ჯერ ძლიერი და ზუსტი ყნოსვა აქვთ. ეს უნარი ზოგიერთ გაწრთვნილ ძაღლს საშუალებას აძლევს ყნოსვით ისეთი დაავადებები ამოიცნოს როგორიცაა: კიბო, მალარია და ვირუსული ინფექციები.
გერმანელი მკვლევრების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ძაღლებს ყნოსვით კორონავირუსული ინფექციის ამოცნობაც შეუძლიათ.
ჰანოვერის სავეტერინარო მედიცინის ინსტუტი, სამხედრო ძალებთან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის საფუძველზე ირწმუნება, რომ ძაღლებს ყნოსვით ჯანმრთელი ადამიანისა და Sars-Cov-ით ინფიცირებულთა ნერწყვის გარჩევა 94%-იანი სიზუსტით შეუძლიათ.
ინსტიტუტის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე საჯარო სივრცეებში კორონავირუსის ინფექციაზე ადამიანების შემოწმება ძაღლების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
კვლევისთვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში 8 სამხედრო ძაღლი გაწრთვნეს. გაწრთვნილ ძაღლებს 1 000 ჯანრთელი და ინფიცირებული ადამიანის ნერწყვი აყნოსინეს. შედეგად ძაღლებმა ინფიცირებული პირები 94%-იანი სიზუსტით ამოიცნეს.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მარენ ფონ ბლიკვედეს თქმით, კოვიდინფიცირებული პირების ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესი თვისებრივად იცვლება, რაც ძაღლებს შესაძლებლობას აძლევს, განასხვავონ ჯანმრთელი ადამიანის ნერწყვი ინფიცირებულისგან.
კვლევის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად აქვთ ძაღლებს უნარი ყნოსვით Covid-19-ით ინფიცირებულები სხვა ვირუსული ინფექციით დაავადებული პირებისაგან განასხვაონ.
გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ძაღლების Covid-19-ით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევის მიუხედავად, ადამიანებსა და ძაღლებს შორის ვირუსის გავრცელების რისკი უკიდურესად დაბალია.