logo
ENG



ძებნილი სანაკოევი: ჰააგის სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება

20 დეკ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/d44z7agovabrg4s.jpg

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. პარლამენტის დეპუტატი დავიდ სანაკოევი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე გამოძიების დასრულება და სამ პირზე დაკავების ორდერის გაცემა მეტყველებს იმაზე, რომ რომ საერთაშორისო ინსტიტუტი რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება და მას აგრესორად წარმოაჩენს.

"ის, რომ სისხლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ასეთი სახით სწორედ ახლა დასრულდა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება", - თქვა სანაკოევმა და განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთი "მსხვერპლი იყო", ხოლო საქართველო "აგრესორი".

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა. პროკურორ კარიმ ხანის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. 

ამავე დროს, აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი.

ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას.

როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.


close დახურვა