logo
ENG



ძინპინი: მზად ვართ, რუსეთთან ერთად სამყარო მდგრადი და პოზიტიური განვითარების გზაზე დავაყენოთ

15 სექ 202218:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/b16voxeuc1uqrcl.jpg

რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti-ს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად სამყარო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს.

„ჩვენი დროის მსოფლიო მასშტაბით კოლოსალური ცვლილებების პერიოდში, რომელიც თანამედროვე ისტორიისთვის უპრეცედენტოა, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად შევქმნათ პასუხისმგებლობიანი მსოფლიო ძალის მაგალითი და ვითამაშოთ მთავარი როლი, რათა ასე სწრაფად ცვალებადი სამყარო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე დავაყენოთ“ - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

მედიის ცნობით, ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა დაიცვან რეგიონული უსაფრთხოების ინტერესები, განვითარებადი ქვეყნები და ახალი ბაზრები და გაამყარონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა მაგალითად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) და BRICS. 

ამავე შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ტანდემი გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. პუტინმა თქვა, რომ 2 ქვეყანა დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მხარესაა

„ჩვენ ერთად ვდგავართ სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მხარეს, რომელიც საერთაშორისო სამართალს  და გაეროს მთავარი როლს ეფუძნება და არა იმ წესებს, რაც ვიღაცამ გამოიგონა და ცდილობს სხვებს დაუწესოს, იმის ახსნის გარეშე თუ რას ითვალისწინებს“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები უზბეკეთში, სამარყანდში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.


close დახურვა