logo
ENG



ძინპინი აშშ-სა და NATO-ს უკრაინის შესახებ მოსკოვთან დიალოგისკენ მოუწოდებს

18 მარ 202223:04
3 წუთის საკითხავი
 
Tyrone Siu / REUTERS

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ჯო ბაიდენთან საუბრისას აშშ-სა და NATO-ს ქვეყნებს უკრაინის შესახებ მოსკოვთან დიალოგისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, ყველა მხარემ რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგსა და მოლაპარაკებებს მხარი უნდა დაუჭიროს, ხოლო ვაშინგტონმა და NATO-მ ასევე უნდა ისაუბრონ რუსეთთან, რათა გადაიჭრას "უკრაინის კრიზისი" და ორივე მხარის (რუსეთისა და უკრაინის) წუხილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის ინფორმაციითჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტთან დიალოგში ისაუბრა იმ კონკრეტულ შედეგებზე, რის წინაშეც ჩინეთი აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ის მატერიალურად დაეხმარება რუსეთს უკრაინულ ქალაქებსა და ხალხზე სასტიკ თავდასხმაში.

დიალოგში, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ძინპინს ბაიდენთან დიალოგში უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის არ დაუკისრებია.

ძინპინმა ბაიდენს უთხრა, რომ კონფლიქტი და დაპირისპირებები არავის ინტერესებში არ შედის.

„მთავარი პრიორიტეტი ახლა დიალოგის და მოლაპარაკებების გაგრძელებაა, მოქალაქეების დაღუპვისა და ჰუმანიტარული კრიზისის არიდება, შეტაკებების შეწყვეტა და ომის მაქსიმალურად მალე დასრულებაა“,- განაცხადა ძინპინმა

ჩინური მედიის ინფორმაციით ბაიდენთან დიალოგში ძინპინმა თქვა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი არაა ის, რისი ნახვაც ჩინეთს სურს.

„უკრაინის კრიზისი არაა ის, რისი ნახვაც ჩვენ გვსურს. ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და უარი თქვან ცივი ომის აზროვნებაზე და თავი შეიკავონ ბლოკური კონფრონტაციისგან“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. 

ჩინური მედიის ინფორმაციით, ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, სამყაროში მშვიდობისა და წესრიგისთვის ერთიანი ძალებით იმუშაონ. 

„როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები და მსოფლიოს 2 წამყვანი ეკონომიკა, ჩვენ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს კი არ უნდა ვუძღვებოდეთ სწორი გზისკენ, არამედ ავიღოთ ჩვენი წილი საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ სამყაროში მშვიდობისა და წესრიგისთვის“ - განაცხადა ძინპინმა

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის პირდაპირ სამხედრო დახმარების მიწოდებას უკრაინაში გამოყენებისთვის. ჩინეთმა ეს ინფორმაცია უარყო.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი ძინპინთან დიალოგში ცხადად იტყოდა, რომ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის შემთხვევაში ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა და ვაშინგტონი „დაუფიქრებლად დაუწესებდა ფასს“.

ვაშინგტონში ასევე შიშობენ, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთს დასავლური ეკონომიკური სანქციებისთვის გვერდის ავლაში დაეხმაროს.

 

close დახურვა