logo
ENG



წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც შესაძლოა აშშ-ში TikTok დაიბლოკოს

13 მარ 202418:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/13/u1ygjf22d6orams.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც TikTok-ს დახურვით ემუქრება. პროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში პლატფორმის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ექვსი თვე ექნება ამერიკული აქტივების გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაბლოკვა ემუქრება.

კანონპროექტს 352-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 65. ქვედა პალატაში მას ორივე პარტიის მხრიდან ჰქონდა მხარდაჭერა. თუმცა Reuters აღნიშნავს, რომ სენატში ვითარება სხვანაირია, რადგანაც ზოგიერთს მიაჩნია, რომ უცხოურ საკუთრებაში არსებული აპლიკაციები, რომლებიც შეიძლება უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, სხვანაირად უნდა დარეგულირდეს.

TikTok-ის საკითხი ვაშინგტონში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა. დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათი ოფისები უამრავ ზარს იღებენ TikTok-ის მომხმარებელი მოზარდებისგან, რომლებიც პლატფორმის შენარჩუნებას მოითხოვენ.

გასულ კვირას კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტზე. პლატფორმის მიმართ არაერთი ბრალდება არსებობს, რომ ის შესაძლოა ჩინეთის ხელისუფლებისთვის მომხმარებლის კონფიდენციალურ ინფორმაციას აგროვებდეს და კონტენტს პოლიტიკურად აცენზურებდეს. TikTok-ს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ გადასცემს და არ აპირებს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემების გადაცემას ჩინეთისთვის.

TikTok-ის აკრძალვის მცდელობა 2020 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და 2023 წელს შტატ მონტანას ჰქონდათ, თუმცა ორივე მცდელობა სასამართლოებმა პირველი შესწორების დარღვევისთვის დაბლოკეს.

ამჟამინდელ კანონპროექტს თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა. პრესსპიკერის კარინ ჟან პიერის განცხადებით, ადმინისტრაციას სურს "დაინახოს, როგორ მიიღებენ ამ კანონპროექტს, რათა პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს".

კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს არაა პლატფორმის დაბლოკვა, რადგან ByteDance-ს საშუალება აძლევს გაყიდოს აქტივები და ამით თავი აარიდოს აშშ-ში მის დახურვას.

TikTok კი, რომელსაც აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ უცნობია დაამტკიცებს თუ არა ჩინეთი რაიმე გაყიდვა ან შესაძლებელი იქნება თუ არა მისი ექვს თვეში გაყიდვა.


close დახურვა