logo
ENG



წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა, ჯერი სენატზეა

14 იან 202101:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/13/k7d8wayvvv55lq2.jpeg

დემოკრატიული უმრავლესობის მქონე წარმომადგენლობითმა პალატამ კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერთა ძალადობრივი შეჭრის წახალისების ბრალდებით, აშშ-ის მიმავალ პერზიდენტს, დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი უკვე მეორედ, 232 ხმით 197-ის წინააღმდეგ, გამოუცხადა. 

კანონპროექტს მხარი 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის, ილინოისის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა. 

იმპიჩმენტის კანონპროექტი დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ორშაბათს, 11 იანვარს მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც 6 იანვრის ღამეს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზი დაიკავეს. მომიტინგეთა შენობაში შეჭრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სამართალდამცველი კი დაშავდა. 

შენობაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მომიტინგეებს ტრამპმა თეთრ სახლთან სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა 3 თვის განმავლობაში პერმანენტულად გაჟღერებული ბრალდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ჯო ბაიდენმა დაამარცხა, გაუყალბეს და თაღლითურად მოპარეს. ტრამპმა მხარდამჭერებს ასევე მოუწოდა, კონგრესის შენობასთან გადაენაცვლათ, რადგან კაპიტოლიუმში ორპალატიანი სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამერიკელ კანონმდებლებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინათ. 

"მეც თქვენთან ერთად წამოვალ", - განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს, თუმცა კაპიტოლიუმის შენობასთან მიმდინარე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. 

სამაგიეროდ, შენობასთან მიიჭრნენ მისი მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ კონგრესს არჩევნების შედეგების დამოწმების უფლება არ ჰქონდა. 

აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამტყდარ ქაოსს მეორე დღესვე მოჰყვა იმპიჩმენტისკენ მოწოდებები. სწორედ ამ მოწოდებით დარეგისტრირდა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში - "აჯანყებისკენ მოწოდება ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ". 

კანონპროექტის დარეგისტრირებამდე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კონგრესმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენების და ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა, თუმცა რესპუბლიკელმა ვიცეპრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი პალატის თავმჯდომარისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა. 

რა შეიძლება მოხდეს?

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის მიღების შემდეგ, კანონპროექტი სენატს უნდა გადაეგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის სენატს დაუყოვნებლივ გადაეგზავნა, რესპუბლიკელების უმრავლესობით მართულ ზედა პალატაში კანონპროექტი, უდიდესი ალბათობით, დაუყოვნებლივ ჩავარდება. 

სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის, მიჩ მაკონელის თქმით, 117-ე მოწვევის სენატი მუშაობას 19 იანვარს გააგრძელებს, ბაიდენის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ რამდენიმე დღეში სენატში უმრავლესობა დემოკრატებს ექნებათ, რადგან ჯორჯიას შტატის ორივე ოლქში გამართულ მეორე ტურში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტის კანონპროექტი სენატს დაუყოვნებლივ არ გადაეგზავნება და პროცედურა ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე შეყოვნდება, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატი განიხილავს. 

სენატში იმპიჩმენტის პროექტის მიღების შემდეგ, საქმის არსებითი განხილვა (trial) დაიწყება. დასასრულს, სენატმა, კენჭისყრის გზით, უნდა გადაწყვიტოს, გაამართლებს, თუ გაამტყუნებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს. წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით, სადაც იმპიჩმენტის კანონპროექტის გატანას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, გამამტყუნებელ განაჩენს სენატის სრული შემადგენლობის 2/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი. 2020 წლის არჩევნების შედეგებით, დემოკრატებს სენატში ერთი დეპუტატით აქვთ უმრავლესობა მოპოვებული, რაც ნიშნავს, რომ ტრამპის დამნაშავედ ცნობას რესპუბლიკელი სენატორების მხარდაჭერაც დასჭირდება. 

სენატის მხრიდან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა შესაძლოა აშშ-ის კანონმდებლობით ყოფილი პრეზიდენტებისთვის გათვალისწინებული ყველა პრივილეგია დაკარგოს, ისევე როგორც, ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება. 


close დახურვა