logo
ENG



წაქაძე: კედელი თვითონ ჩამოიშალა, მისი გამაგრების არავითარი შანსი არ არსებობდა

01 სექ 202317:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/6fs0jd5s1avrnrc.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე თბილისში სანაპიროს მიმდებარედ ისტორიული კედლის დანგრევას უარყოფს.

მისი თქმით, "კედელი თვითონ ჩამოიშალა და მისი გამაგრების არავითარი შანსი არ არსებობდა".

"გამაგრებითი სამუშაოების დაწყების წინ კედელი თვითონ ჩამოიშალა, იმიტომ, რომ საერთოდ მისი გამაგრების არავითარი შანსი არ არსებობდა. შეიძლება დასვან კითხვა, არ იცოდით? არ ვიცოდით, იმიტომ, რომ სანამ შენობა არ გაიხსნა, იქ ხალხი ცხოვრობდა, გამოვიყვანეთ და დასკვნა მანამდე დაიწერა და შემდეგ უნდა მომხდარიყო ექსპერტიზა ჩატარებული.

რაღაც ისტორიული ძეგლი დაანგრია კომპანიამ, ეს არის სრული სისულელე. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, არავითარ ისტორიულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და ეს იყო მეოთხე კატეგორიის უსახური შენობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქალაქს, ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი. მე ისტორიული შენობაც დამინგრევია ქალაქში და ამიშენებია ზუსტად იგივე ვიზუალით. რამდენიმე წლის წინ ჩაბარდა ექსპლუატაციაში, მიდით და ნახეთ. მეოთხე კატეგორიის შენობა თავზე ადგა კლდეს და საშიშროება იყო ქალაქისათვის, იშლება ის და კეთდება იგივე სახის ახალი, კონსტრუქციულად მდგრადი შენობა იგივე ვიზუალით. რა არის ახლა აქ გასაკვირი? ხო არ ამიშენებია ცათამჯენები, რომელსაც აშენებდნენ იქ?", - ამბობს წაქაძე.

ისტორიული კედლის უკან წაქაძის კომპანია სასტუმროს აშენებს. მას მშენებლობის ნებართვა მერიაში იმ პირობით მისცეს, რომ ისტორიულ ნაგებობას შეინარჩუნებდა და გაამაგრებდა, თუმცა ოცნების დეპუტატის კომპანიის არგუმენტი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე იყო ის, რომ "კედელი იყო ძალიან დაზიანებული და შემოენგრათ".

თბილისის მერიასთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი ნაგებობის დანგრევისთვის წაქაძე მხოლოდ მინიმალური თანხით დააჯარიმეს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევაა დაწყებული. 


close დახურვა