ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ეკონომიკური თვალსაზრისით.
როგორც კობა გვენეტაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ვირუსით გამოწვეული მდგომარეობა შოკია ეკონომიკისთვისაც და რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება მომავალში.
„გასულ წელს, როცა ფრენები შეიზღუდა რუსეთიდან, მაშინაც ჰქონდა ქვეყანას ასეთი შოკი, რადგან, მაგალითად, ტურისტებისგან შემოსავალი შემცირდა. მაშინაც იყო საუბარი, რომ ჩამოიქცევა ეკონომიკა, მაგრამ გვქონდა ზრდა და მას მერე, რაც გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, კურსიც გამყარდა და ინფლაციამაც დაიწყო დაღმა სვლა. აქედან გამომდინარე, შედარებით მაღალი ინფლაცია გვქონდა. ეს დამატებითი შოკია ეკონომიკისთვის. პირდაპირ რომ გითხრათ, რა იქნება ინფლაცია, ძალიან რთულია. დღესდღეობით ეკონომიკა შენელებულია - რესტორნები დაკეტილი, კინო-თეატრები დაკეტილია - მოთხოვნა შემცირებულია. ახლა რომელი ეფექტი გადაწონის - ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება თუ მოთხოვნის შემცირება - ამის თქმა რთულია. ეს არის უპრეცედენტოდ გაზრდილი გაურკვევლობის პერიოდი. შეიძლება ინფლაცია იყოს მაღალი, მაგრამ ჩვენი მანდატი არის მიზნობრივ მაჩვენებელთან ყოფნა. წელს რა იქნება, ჯერ კიდევ რთული სათქმელია", - ამბობს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ჯამში 100 მილიონი დოლარი გაიტანა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად.