logo
ENG



წერეთელი: თუ გადაწყვეტენ, რომ მამუკას, ბადრის, მამაჩემის სახით პატიმრები ჰყავდეთ, 3-ვე მზადაა

11 იან 202219:17
3 წუთის საკითხავი
 

ტვ პირველის დირექტორის ვატო წერეთლის განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება გადაწყვეტენ, რომ ავთანდილ წერეთლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახით ქვეყანას პოლიტპატიმრები შემატონ, ისინი ამისთვის მზად არიან. 

როგორც წერეთელმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, მამამისს ავთანდილ წერეთელს მოუწია მკურნალობის კურსის შეწყვეტა საზღვარგარეთ და საქართველოში დაბრუნება. 

"ისეთი უგუნური მთავრობა, როგორიც ქართული ოცნება არის, იმათაც კი გაუჭირდებათ ამ ადამიანების დაპატიმრება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო აღიარებს - არაფერი ყოფილა. მე რომ არ ვადასტურო ჩემი ოჯახის უდანაშაულობა ამას კანადელი ექსპერტები, ნინო ლომჯარია, ევროპარლამენტარები აღიარებენ. მამამ შეწყვიტა თავის მკურნალობის ციკლი, გუშინ ჩამოვედით და დღეს იყო სასამართლოზე, ამიტომ მამა მზად არის ყველაფრისთვის. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მამას სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი უნდა ჰყავდეს, ის ამისთვის მზად არის. ხვალინდელ დღეს დაველოდებით. მამამ ძალინ დიდი, გმირული ნაბიჯი გადადგა და ხვალ დაელოდება განაჩენს. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდეს მამუკას, ბადრის და მამაჩემის სახით - სამივე მზად არის ამისთვის", - აღნიშნა წერეთელმა. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება. 

დღეს, 11 იანვარს საბოლოო სხდომა ჩატარდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. საქმის განხილვა ამით დასრულდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს. 

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. 

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.


close დახურვა