„ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა „ფორმულასთან“ საუბარში პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სიაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს, ლაპარაკია ვადამდელ არჩევნებზეც, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
„ამ საქმეს არ შველის მე მინდოდა და არ გამოვიდა. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ქუჩაში დაუძახა, ოპოზიციას არ დაუძახია, „ოცნებამ" დაუძახა თავისი გადაწყვეტილებითა და თავისი დიდი ტყუილით. ვინც ხალხის ხმას ვერ იგებს, ის ყოველთვის ცუდად ამთავრებს. პოლიტიკურ პროცესებს თვალი რომ გადავავლოთ, ისტორიულად ეს ასე ხდებოდა. დღეს ითქვა დიდი ტყუილი. რა იქნება ვნახოთ, იქნება გეგმა, ლაპარაკია ვადამდელ არჩევნებზე და ა.შ. ხალხს არ უნდა რაც აქ ხდება, ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება, რომლის საშუალებასაც ეს ხელისუფლება არ აძლევს," - განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის წინ დღეს, 14 ნოემბერს 19:00 საათზე საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაგდებულ კანონპროექტს გააპროტესტებენ და აქციას გამართავენ.