logo
ENG



წერეთელი ოკუპაციაზე:მოთმენისა და არგაღიზიანების პოლიტიკის პასუხად უარესს ვიღებთ

29 ოქტ 201913:19
3 წუთის საკითხავი
 
dt8v9zl49fhnzaw.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი, ხელისუფლებას, ოკუპაციის თემაზე ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს.

როგორც მან პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, დეპუტატებმა ბორდერიზაციაზე შეიძლება საგანგებო განცხადებაც მიიღონ.

„წინა კვირას, საზოგადოების გონება მთლიანად ატოცში მიმდინარე მოვლენებით, განგრძობადი ოკუპაციით იყო დაკავებული. დღეს ყველამ ძალიან მძიმე ცნობა მივიღეთ და თავისთავად ტრაგიკულია, როცა ერთი ადამიანი იღუპება, იმის გამო, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებს, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატულება იმ საკმაოდ მძიმე ვითარების, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კვირაში ჩვენ მოვუსმინეთ მინისტრს, იყვენენ შესაბამისი სამსახურებიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს არის უფრო სტატისტიკური ინფორმაცია. ვადასტურებ, რომ არის საერთშორისო აქტივობები, მათ შორის რომ ჩამოგითვალოთ, მარტო ჩემი აქტივობები, ძალიან გრძელი სიაა. სამწუხაროდ, შეიძლება ყველაფერი აქ ვერ შუქდება, თუმცა არსებობს ყველაფრის დოლუმენტური მასალა, თუ როგორ ხდება ამ საკითხის წამოწევა საერთაშორისო ფორუმებზე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. რადგან პროცესი მიმდინარეობს, არ ჩერდება, იყო პირველი კონტაქტიც საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ამის შედეგი ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს, პირიქით. ამას ვამბობ არა ნიშნის მოგებით, არამედ გულისტკივილით, როცა მოთმენისა და არგაღიზიანების პოლიტიკის პასუხად საქართველოში უარეს ვითარებას ვიღებთ. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ხელისუფლებასაც, ამ შემთხვევაში, პროდასავლური ოპოზიცია არაფერში არ უშლის ხელს, პირიქით, ეხმარება დეოკუპაციის პროცესს, რაღაც ახალი სტრატეგია, ახალი ტაქტიკა, რაღაც მეტი არის ალბათ მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი. თვითკმაყოფილება ან საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ამის მეტი არ შეიძლება, ალბათ არ იქნება სწორი. პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს თუ ქართული მხარე უფრო მეტს არ მოიფიქრებს და უფრო მეტად არ მოახდენს საგარეო კონსოლიდაციასაც. ბორდერიზაციაზე პარლამენტმა შეიძლება საგანგებო განცხადებაც მიიღოს“, - განაცხადა წერეთელმა.

 

 


close დახურვა