წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) უკრაინის მოქალაქეების რუსეთში იძულებით გადაყვანაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
წითელმა ჯვარმა განცხადება გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ წითელი ჯვარი რუსეთს უკრაინიდან ათობით ათასი ადამიანის იძულებით გაყვანაში ეხმარება.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ოფისი არ აქვთ, თუმცა ზრდიან რეგიონში წარმომადგენლობას, რათა უპასუხონ ადამიანების საჭიროებებს.
„ჩვენ არასდროს ვიღებთ მონაწილეობას ან ვახორციელებთ იძულებით ევაკუაციებს. ეს სიმართლეა უკრაინის შემთხვევაშიც. ეს სიმართლეა დედამიწის გარშემო ყველა იმ ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ისეთ ოპერაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება“, - წერს წითელი ჯვარი ტვიტერზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუკერძოებელი, ნეიტრალურია და ადამიანებს მათი ადგილმდებარეობის განურჩევლად ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაილო რადუცკიმ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გუშინ წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ე.წ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა და არ დაუჭიროს მხარი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მოსახლეობის ძალის გამოყენებით გადაყვანას.
იმავდროულად, რადუცკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში წითელი ჯვრის ოფისის გახსნის გადაწყვეტილება, რაც ორგანიზაციის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო ეფექტური მუშაობის მიზანს ემსახურება.
დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი გაიტაცეს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში გადაიყვანეს.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით რუსეთი ქმნის ცრუ ჰუმანიტარულ დერეფნებს და ცდილობს შეადგინოს ე.წ "საევაკუაციო მარშრუტები" მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასაყვანად. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსები ამ გეგმას იყენებენ მარიუპოლში.