ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჯონი ჭანია დევნილებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა მათ ვერ შეძლონ მონაწილეობის მიღება არჩევნების მეორე ტურში.
წითლიძისვე თქმით, ისინი, ხელისუფლების დავალებით, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსულ მხარესთან, რომ 30 ოქტომბერს ენგურის ხიდი ჩაიკეტოს და გალში მცხოვრებლებმა ხმის მიცემა ვერ შეძლონ.
"რაც ყველაზე მთავარია და საგანგაშოა, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ საზღვარი და დევნილებმა ვერ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში". - ამბობს ანი წითლიძე.
მისივე თქმით, ამ ფაქტების შესახებ ენმ-ს აქვს მტკიცებულებები, რომლებსაც აუცილებლად გადასცემენ საერთაშორისო დამკვირვებლებს.
"მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ ამ ფაქტებით". - თქვა წითლიძემ.
პასუხად ლევან მებონიამ ანი წითლიძის განცხადებას "წარმოუდგენელი თავხედობა და ტყუილი" უწოდა.
"მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რომ პირიქით, აქეთ შემოვიყვანო ადამიანები. თურმე ჩემს ნებაზეა "საზღვრის" გახსნა და დაკეტვა. ალბათ ამას იმიტომ ამბობს, რომ ქართული ოცნებიდან ვარ წალენჯიხის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. როგორ შეიძლება, რომ მე ვინმეს პირადობის მოწმობა წავართვა. ერთი ადამიანსაც ვერ იპოვით. ვინც ასეთ ტყუილს იტყვის, მერე ის როგორ ჩამხედავს თვალებში. დაკითხეთ ჩემი თანამშრომლები, ათასი კაცი მყავს. რუსებთან მე ვინ მიმიშვებს მოსალაპარაკებლად. ჩემი თანამშრომლები ვერ გადმომყავს, ნახევარი წელი მჭირდება, ვიღაცას საშვი რომ გავუკეთო. საერთოდ რას ლაპარაკობს". - თქვა ლევან მებონიამ ფორმულასთან.
ანი წითლიძის ბრალდებებს უარყოფს ჯონი ჭანიაც.