"თქვენ დღეს ტრიბუნასთან იდექით, როგორც ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე და არა საქართველოს მოქალაქეების" - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში წარადგინა.
წითლიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პაპუაშვილს შეახსენა, რომ სთხოვდა, 2024 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლებში ბავშვების უფასო კვების საკითხი გაეთვალისწინებინათ, რაც არ გაითვალისწინეს.
მან მაგალითად სტატისტიკა მოიყვანა და თქვა, რომ ქართული ოცნების 12-წლიანი მმართველობის პირობებში საქართველოში ბავშვების 35% ამბობს, რომ სკოლებში არასათანადოდ იკვებება, ასევე, ყოველ მე-5 და მე-6 ბავშვს არ აქვს სახატავი რვეული და სასურველი წიგნი.
"მე ვისურვებდი, რომ თქვენი ანგარიში ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის. თქვენ დღეს ტრიბუნასთან იდექით ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე და არა საქართველოს მოქალაქეების პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენი გამოსვლიდან ჩანდა, რომ თქვენ და ივანიშვილის პარტია საერთოდ აცდენილი ხართ საქართველო მოქალაქეების წუხილს და საერთოდ აცდენილი ხართ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრებენ. თქვენს გამოსვლაში ვერცერთი საქართველოს მოქალაქე უბრალოდ თავის თავს ვერ დაინახავდა.
ამ პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი, სადაც მე გთხოვდით მხარდაჭერას, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო ბავშვების უფასო კვების საკითხი საჯარო სკოლებში. თქვენ იმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს წარმოადგენთ, სადაც თქვენი მმართველობის 12 წლის განმავლობაში ყოველ მეხუთე და მეექვსე ბავშვს ამ ქვეყანაში არ აქვს სახატავი რვეული და სასურველი წიგნი, სადაც ბავშვების 35% ამბობს, რომ სკოლებში არასათანადოდ იკვებება, რაც ნიშნავს, რომ სკოლებში გვაქვს ბავშვების შიმშილი. იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ვიწრო წრე მდიდრდება, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ღარიბაშვილი 100 000$-ს იხდიდა შვილისთვის, რომ ჩარტერით ამერიკაში ჩაეფრინა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნები სამთავრობო ჩარტერს იყენებდით სასიარულოდ და გასართობად, ამ ქვეყანაში ბავშვებს შიათ. ამიტომ ვისურვებდი, რომ ამ საკითხებზე გაგემახვილებინათ ყურადღება", - განაცხადა ანა წითლიძემ.
2023 წლის 20 აპრილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევამ დაადგინა, რომ:
- სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.
- საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.