logo
ENG



წითლიძე პარტიების დაფინანსების შესახებ ოცნების პროექტზე: ბიუჯეტი ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ

10 ივნ 202114:13
3 წუთის საკითხავი
 
წითლიძე პარტიების დაფინანსების შესახებ ოცნების პროექტზე: ბიუჯეტი ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები ქვეყნის ბიუჯეტს ისე უყურებენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის ყულაბას.

ანა წითლიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ახლა ქვეყნის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებზე უნდა იფიქროს და არა ოპონენტების "დასჯაზე"

„და საერთოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტი თქვენ ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ, ეს არის საქართველოს მოქალაქეებით გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი და საქართველოს მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ რომელი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი. რაზე ვმსჯელობთ საერთოდ აქ, როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი პრობლემები - ეკონომიკური სტაგნაცია, გაუფასურებული ლარი. იცით თუ არა უმრავლესობის წევრებმა, რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას? ეს არის საკითხები, რომელზეც უნდა ვმსჯელობდეთ და არა ამ სადამსჯელო ოპერაციაზე, რომელსაც აქ ატარებთ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ენმ-ის წევრის თქმით, მმართველი პარტიის წარმოდგენილი კანონპროექტი არის სადამსჯელო ღონისძიება იმ პარტიების მიმართ, ვინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

როგორც წითლიძემ კანონპროექტის განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციაში ყოფნა და ახლა მიღებული გადაწყვეტილებები მათი "თავსატეხი იქნება".

თქვენ გავიწყდებათ, რომ ძალიან მალე ოპოზიციაში უნდა იყოთ და ეს ცვლილებები თქვენივე თავსატეხი იქნება საბოლოოდ. თქვენ რომ მართლა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია იყოთ, კი არ უნდა ცდილობდეთ დაფინანსება შეუწყვიტოთ პოლიტიკურ პარტიას, პირიქით, უნდა ცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკური ველი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისთვის", - ამბობს წითლიძე. 

პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს. მომხსენებელი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილია.

ოცნების ინიციატივას კრიტიკა მოყვა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. პოლიტიკოს დავით ბაქრაძის თქმით, "დაფინანსების წესის ისე შეცვლა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, არის ქვეყანაში მეტი კორუფციისკენ გადადგმული ნაბიჯი".

"ამ კანონის შეფასება უარყოფითია ჩვენი მხრიდან და ასეთივე უარყოფითი იყო ვენეციის კომისიის მხრიდან. სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი არაფრად მიიჩნევს ვენეციის კომისიას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", - ამბობს ბაქრაძე.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდებს. 

"მსგავსი ინიციატივები განიხილება შემოთავაზებულ კანონპროექტში პარლამენტის რეგლამენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, თუ ისინი არ დაესწრებიან სხდომების უმეტესობას საპატიო მიზეზის გარეშე. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა". - ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან. 


close დახურვა