logo
ENG



წილოსანი: ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ დესტრუქციულ პროცესში

19 ივლ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/19/8i0ovl5cni5logn.jpg

ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი გუშინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში თანაგუნდელის შალვა პაპუაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანას ეხმაურება და ამბობს, რომ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მძიმე საყურებელია, თუმცა "სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა". 

ის ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების ბოიკოტსაც აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირება ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი Facebook-ზე წერს,  ასეთი ქმედებები "არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის".

"ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ინსტიტუცია, რომელიც კანონებს და მათ შორის ანტი ძალადობრივ რეგულაციებს აწესებს, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების ძალისხმევით თავად ხდება ხოლმე ამგვარი ქმედების ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად, რომელიც თავის თავში გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური მიზნის ასრულების მცდელობას, ეს არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის.

პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა, სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა.

პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი ინსტრუმენტია, თუმცა არც ამ პრინციპს, არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს, არ იცავენ ოპოზიციონერი კოლეგები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას.

ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებთ კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი. რადგან ქალები ისედაც დიდი ბარიერების წინაშე დგანან პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. იმედი მაქვს, რომ ცივილურობის იმ დონემდეც მივა პოლიტიკური გარემო საქართველოში და ჩვენს საზოგადოებას არ მოუწევს ამ უმსგავსობების ყურება", - წერს ნინო წილოსანი. 

გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.


close დახურვა