ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი კვლავ ამბობს, რომ "რუსეთუმისა" და "მოღალატის" ძახილის შემთხვევაში ოპონენტები შესაბამის პასუხს მიიღებენ. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არაა ეს ძალადობის წახალისება, პარლამენტის დეპუტატმა უპასუხა, რომ პოლიტიკოსები ძალადობის ენით არ საუბრობენ.
ამასთან, ნინო წილოსანს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაზე თავდასხმასა და მის განცხადებას შორის კავშირი აბსურდულია.
"სრულიად აბსურდული კავშირია ჩემს განცხადებას, თუ ნებისმიერ ჩემი კოლეგის განცხადებასა და ამ აღნიშნულ ფაქტს შორის. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. აუცილებლად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა და უნდა დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი ის ფონი რომელიც არსებობს, ამ დაპირისპირების, რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ტემპერატურა დაწეული. [...] წითელი ხაზია მოღალატისა და რუსეთუმეს ძახილი. ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს.
ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ვსაუბრობთ სიტყვებით, ვსაუბრობთ განცხადებებითა და მოწოდებებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზის გადაკვეთა", - განაცხადა წილოსანმა.
27 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პრორუსების დაძახების შემთხვევაში მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია ოპონენტებს პასუხს გასცემენ.
ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ვინც პრორუსს დაუძახებს, "ცხვირ-პირში მიიღებს". მამუკა მდინარაძემ კი დაიმუქრა, რომ "მოღალატის" დაძახების შემთხვევაში ოპოზიციას აგინებდა.