logo
ENG



წილოსანი მსხილაძეს: ქვეყანა რომ რისკის ქვეშ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს

27 მაი 202409:44
3 წუთის საკითხავი
 

"თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, ქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს", - ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

"მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, ძალიან კარგად იცოდეთ, თქვენი დანიშნულება, რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ და ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებული პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი და ასევე, პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის, უფროსისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას, რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, საბოლოო ჯამში ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა", - მიმართა წილოსანმა მსხილაძეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ დეპუტატებს, ვეტო არ დაძლიონ.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.


close დახურვა