logo
ENG



წილოსანი უცნობის აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო

01 მაი 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანი უცნობის აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სასიამოვნო სანახავი იყო "ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება". ამ განცხადებით ის 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე, უცნობის ორგანიზებით გამართულ სახელისუფლებო აქციას გამოეხმაურა.

"ბოლო დროს ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით გამსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო და ეს იყო ამ შეკრების დევიზი. მშვიდობა არის უპირატესი მიზანი ახლა, მძიმე საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება და თავისთავად მშვიდობის ფონზე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს, თავისთავად ეს ყველაფერი გვაერთიანებს აქციის მონაწილეებთან", - განაცხადა წილოსანმა.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით სახელისუფლებო აქცია გაიმართა. აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულები.

აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები.

სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე ილაპარაკა. აქციაზე იმყოფებოდა ია მეტრეველიც, რომელმაც ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა, ასევე, ისაუბრა იმაზე, თითქოს "ვითომ საქართველოს მეგობრები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს".


close დახურვა