შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პასუხი არავის უგია.
უწყებაში ომბუდსმენის განცხადებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
შსს ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირში გამოძიება 70-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი - 27 პირს დაეკისრა.
"შს სამინისტრო ბოლო წლების მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენდა კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად ყოფილიყო აღკვეთილი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, 24 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უკვე დაფიქსირდა. მისივე თქმით, გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.
ძალადობის დაუსჯელობასა და საარჩევნო გარემოს ნაკლოვანებებზე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს. მიმდინარე წლის ივლისში ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს: "სწრაფად და სრულად დანერგოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და გადახედოს კანონმდებლობის ნაკლოვანებებს, მათ შორის: პოლიტიკური კამპანიისთვის საჯარო რესურსების უკანონო გამოყენებას, ასევე კამპანიის დაფინანსების არასწორ გზებს, ძალადობის დაუსჯელობას, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელებას, ხმების ყიდვას, ოპოზიციის წარმომადგენლობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებლობას, ხმა მისცენ ზეწოლისა და შურისძიების შიშის გარეშე; მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამკვირვებლებმა იმუშაონ შევიწროებისა და ჩარევის გარეშე“.
სრული ანგარიში იხილეთ აქ.