რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
"ეს, სავარაუდოდ, აფეთქებული სატვირთო მანქანის გვერდით მყოფი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები არიან. ამ დროისთვის ორი გარდაცვლილი ქალისა და მამაკაცის ცხედარი უკვე ამოყვანილია წყლიდან, მათი ვინაობა დგინდება," - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.
გამომძიებლებმა დაადგინეს სატვირთო მანქანის მფლობელის მონაცემები, ის კრასნოდარის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მის საცხოვრებელ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დღეს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც.
"ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.