Facebook-ზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას წულუკიანი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
ქეთა გაბიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სიცოცხლით მოსპობით მუქარას გულისხმობს.
"დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია", - წერს წულუკიანი Facebook-ზე.
წულუკიანმა მის წინააღმდეგ სასამართლოს 2022 წლის თებერვალში მიმართა. კულტურის მინისტრი აცხადებდა, რომ პოსტში ნათქვამი მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა.
"ვისაც ასეთების ხელისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ, გალიაში ზის. ვისაც "ფსევდოინტელექტუალური პოზა" გიჭირავთ, რომელიც საჯარო მოხმარებისთვის უპოზიციობას გულისხმობს, ხოლო ფარულად უმსგავსობა გენატრებათ დასავლურობისა და ლიბერალიზმის სახელით, მათაც გისამძიმრებთ. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საკითხია", - წერდა წულუკიანი.