კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლიდან 2020 წლამდე, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.
მანვე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველას, "ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე", რადგან ეს უფრო აზიანებს ფრესკებს. ამით წულუკიანი გამოეხმაურა "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ გელათში წყალი ისევ ჩადის.
"ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.
ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე", - თქვა წულუკიანმა.
მანვე განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკმაყოფილა მოთხოვნა გელათში, ხარაჩოებზე არაუფლებამოსილი პირი აღარ აუშვან.
კულტურის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ერაყიდან ჩამოვა იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათის სახურავის მდგომარეობას შეისწავლის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათში კედლიდან მასის ჩამოვარდნას "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლის ხარაჩოზე ასვლასა და გადაადგილებას აბრალებს.
"არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება", - წერია 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 19 მაისს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ვიდეო გელათის შესახებ, სადაც ამბობს, რომ იქ წყალი ისევ ჩადის.
"აქ კარგად ჩანს გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ფაქტი სახეზეა - კედელი სველია, ბათქაში ისევ ჩამოცვენილია", - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა, თუმცა ამ პროექტმა ზამთარში გელათის ფრესკები ვერ დაიცვა, რადგან სახურავი ისევ დაზიანდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.