იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ეპითეტი "ბრიყვი" "დიდი კომპლიმენტია". ამით მან თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა სააკაშვილზე.
"არ ვიტყვი იმ ეპითეტებს, რომლის გამოყენება მსურს ბატონი სააკაშვილის მიმართ. მე ვფიქრობ, ეს ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა სამშობლოზე, მოქალაქეობაზე, უარი თქვა ჯარისკაცის ღირსებისა და პატივის დაცვაზე, რომელიც პატივს არ სცემდა არცერთ საჯარო მოხელეს და თავს ყიდდა მსოფლიოში ნამდვილი აფიორის სპეციალისტად, ამ ადამიანისადმი ყველა უარყოფითი ეპიტეტი იქნება კომპლიმენტი", - თქვა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მანვე განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურას არაერთხელ უთხრა უარი უკრაინის სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე:
"ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში ცდილობდნენ მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი აღარაა უკრაინაში. სწორედ ამიტომ საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე".
დღეს, პირველ სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილს "ბრიყვი" და "შეშლილი მანიაკი" უწოდა. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების კომენტირებისას განაცხადა.
"იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და შეპყრობილი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით, ჰგონია, რომ ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არცერთ შემთხვევაში. დღეს არის სხვა რეალობა საქართველოში. ასეთი სამარცხვინო მმართველები ჩვენ ქვეყანაში ვეღარასოდეს არა თუ დაბრუნდებიან, პოლიტიკაშიც ვერ გაჩერდებიან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.