კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით, პაოლო იაშვილის წიგნი გამოსცეს და ამით აღკვეთეს "პაოლოს შემოქმედების წართმევა და ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიწერა".
"კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი - წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთი მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს, რომელიც შარშან შესრულდა და, ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშან წინ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს, შეებღალათ პაოლოს კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ სიცოცხლის და ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის. ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და ჩვენ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი, სამინისტრომ აღკვეთა", - თქვა წულუკიანმა.
კულტურის სამინისტრომ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმმა შეცდომა დაუშვა - ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი გამოსცა, რომელშიც ანა კალანდაძის 2 ლექსი შეიტანა და დარიანის ლექსებად გამოაცხადა.
კულტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ ამასთან დაკავშირებით მათთან "მოქალაქეთა აღშფოთებული წერილები შევიდა" და საკითხი "სერიოზულად განსახილველი" იყო.
ელენე ბაქრაძე დარიანის წიგნში შეცდომაზე ლაპარაკის შემდეგ კულტურის სამინისტრომ არსებული ტირაჟი გაითხოვა, ამასთან, ლიტერატურის მუზეუმს სამინისტროსთვის ბეჭვდის ხარჯების დაბრუნება მოსთხოვა - დარიანის წიგნისთვის მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა. ამდენივე იყო საჭირო შესწორებული წიგნის გამოსაცემად.