კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში კონსერვატორიაზე ისაუბრა და მის ამჟამინდელ რექტორს "აბსოლუტურად არასერიოზული" უწოდა. მისი თქმით, რექტორს 21 ოქტომბერს გასდის უფლებამოსილების ვადა, თუმცა, სავარაუდოდ, ამ პოზიციაზე დარჩენის სურვილი ექნება.
"ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს კონსერვატორიაში აბსოლუტურად არასერიოზული რექტორი, რომელსაც 21 ოქტომბერს გასდის უფლებამოსილების ვადა და სავარაუდოდ, მას შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, კიდევ ოთხი წლით - რისი უფლებაც მას კანონით აქვს - გააგრძელოს კონსერვატორიის რექტორობა.
ასეთი რექტორის პირობებში კონსერვატორია მიდის პირდაპირ კედელში, არავითარი განვითარება ასეთი რექტორის პირობებში კონსერვატორიას არ ექნება - იმისთვის, რომ კონსერვატორია განვითარდეს, სტუდენტს ჰქონდეს ის, რაც სჭირდება, პროფესორის ჰქონდეს ის, რაც სჭირდება, ამის ლოკომოტივად კონკრეტული ადამიანი არ გამოდგება", - განაცხადა მან.
10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის სარჩელი არჩევნებზე ბრძანების გაუქმების შესახებ. კონსერვატორიამ სასამართლოს სარჩელით 2 ოქტომბერს მიმართა.
26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.
20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.