logo
ENG



წულუკიანი: ოპოზიციის განცხადებები, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ, სამართლებრივი ბლეფია

17 ნოე 202014:11
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: ოპოზიციის განცხადებები, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ, სამართლებრივი ბლეფია

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში არმონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები "ბლეფია".

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ მონაწილეობა არ მიიღოს.

"ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ რა თქმა უნდა იქნება 5-იანი, ხუთოსანი პარტია, იქნება 41-ის, ანუ ქართული ოცნების კანდიდატი ან სხვა კანდიდატი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად გავიდა მეორე ადგილას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და ბლეფია იმის მტკიცება, თითქოს თუკი ისინი იტყვიან, რომ აღარ უნდათ მეორე ტური, არ ან ვერ შედგება", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მან ქართული ოცნების მხარდამჭერებს "უპრეცედენტო მობილიზაციისკენ" მოუწოდა და თქვა, რომ კარგი იქნება, თუ არჩევნებზე ოპოზიციის ამომრჩევლებიც მივლენ.

"არჩევანის საშუალებას ხელისუფლება უზრუნველყოფს მეორე ტურზეც. მინდა ქართული ოცნების მხარდამჭერებს მოვუწოდო, უპრეცედენტო მობილიზაციისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და კარგი იქნება, თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას", - თქვა თეა წულუკიანმა.

ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ისინი უარს ამბობენ მეორე ტურებში მონაწილეობაზეც. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 3 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად დააანონსა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდებიან და ეტყვიან, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა.


close დახურვა