logo
ENG



წულუკიანი: ღარიბაშვილი ცდილობს, სერიოზულობით მართოს ოკუპირებული ქვეყანა

28 თებ 202214:03
3 წუთის საკითხავი
 

ვიცე პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებს. 

პრემიერმინისტრმა დღეს თქვა, რომ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები "ეფექტური არ არის". მანვე 2008 წლის ომზე ილაპარაკა და რუსეთის თავდასხმაში კვლავ ენმ-ის ხელისუფლება და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. 

თეა წულუკიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "ცდილობს, სერიოზულობით მართოს ოკუპირებული ქვეყანა". 

"რა თქმა უნდა, ვიზიარებ ღარიბაშვილის პოზიციას. ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ საქართველოში. დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც საქართველოს დაემართა არაერთი წლის წინ.

​თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როცა თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ. მაგრამ ისე იქცევით, რომ ყოველდღიურად არის საჭირო ამის შეხსენება. 

ამის საპირისპიროდ, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს, მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული. 

დღეს ევროპაში ომია, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, პირველ რიგში, გამომდინარეობს თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესიდან, ჩვენი ხალხის ინტერესიდან და მომავალი თაობების ინტერესიდან, რომელმაც უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. 

ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, გამოვლილი გვაქვს სისხლი და თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და რაც მთავარია, არ იყოს ომი". - თქვა თეა წულუკიანმა. 


close დახურვა