იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი Justice International-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნიკა ჯეირანაშვილს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ, შესაძლოა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავა წააგოს.
მინისტრი ევროპაში მომუშავე სპეციალისტის შეშფოთებას, ისევ წინა მთავრობას უკავშირებს და ირწმუნება, რომ ქვეყანა 2008 წლის ომის პერიოდში, სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საქმეს წარმატებით დაასრულებს.
„ჩვენ უკვე ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა პარტიულ ინტერესში კომპრომისებს ოკუპანტთან, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან რუსეთის ეს ტრაგიკული მახე, რომელსაც მოჰყვა მასშტაბური ოკუპაცია ჩვენს ქვეყანაში. ოკუპაცია არის ომის შედეგი. დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრძვიან, ეს არის ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან.
ჩვენ პირველ რიგში ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ომის საქმეზე. მტკიცებულებებს ვიცნობ რაც ჩვენ მოვაგროვეთ და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ქართველ ჯარისკაცს შეუძლია იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის მომავალს შეუძლია იყოს მშვიდად, იმიტომ, რომ ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ“, - განაცხადა წულუკიანმა.