logo
ENG



წულუკიანი აშშ-ზე - სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს

28 ივლ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი აშშ-ზე - სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს

არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სატელეფონო საუბარს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის შედგა.

წულუკიანის თქმით, აშშ და საქართველო მეგობრები არიან, მეგობარი ქვეყნები მნიშვნელოვან საკითხებს ყოველთვის განიხილავენ და ეს მოწმობს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა მაღალ დონეზეა.

"სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა, იხილავს ყოველთვის ერთმანეთისთვის მნიშვნელობის მქონე საკითხებს, ასე მოხდა ახლაც და არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ის რეალიზებული აუცილებლობაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიტანა ამ ქვეყანაში", - განაცხადა წულუკიანმა, რომელმაც აქვე წინა ხელისუფლება და წინა ხელისუფლების დროს არსებული საარჩევნო გარემო გააკრიტიკა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. საუბარი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.

ხსენებული საუბრის შესახებ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აქცენტები მნიშვნელოვნად აცდენილია. მთავრობის ხელმძღვანელობის განცხადებებში არსადაა საუბარი პომპეოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას ეხება, რასაც თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ.   

რას წერს სახელმწიფო დეპარტამენტი და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა