კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის "არც ქართული ოცნების და არც ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის".
როგორც წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში განაცხადა, მისთვის გახარიას თანამდებობიდან წასვლა გასაკვირი და დასანანი იყო, თუმცა თუ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნდება, ის მმართველი გუნდისთვის "რეალური ოპოზიცია იქნება".
"გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს როგორც მისთვის არის შეურაცხმყოფელი, ასევე ჩვენთვის. გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი, და ასედადაც დავრჩებით მის გარეშე. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი და მე ეს პირადადაც ვუთხარი: "ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა", - თქვა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანი მიიჩნევს, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნებისთვის დამაზიანებელი არ იქნება.
"მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება - გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 22 მარტს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ჭორის მიუხედავად ის წასვლას არსად აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა