logo
ENG



წულუკიანი კარტოგრაფებზე: წინასწარი პატიმრობა ინფორმაციის მიღების ინსტრუმენტია

28 იან 202114:43
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი კარტოგრაფებზე: წინასწარი პატიმრობა ინფორმაციის მიღების ინსტრუმენტია

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა დღეს, 28 იანვარს განაცხადა, რომ მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

წულუკიანი აცხადებს, რომ ქართული ოცნება იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ. 

"ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია ის, რაც სამართლებრივი რეალობა არ არის, თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. თუკი დღეს აღმოჩნდება, რომ მოცემული პირების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შედეგად გამოძიებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა მიზნებისთვის მათი პატიმრობაში ყოფნა, რომელიც გამოძიებას ჭირდება, იყოს დასაბუთებული, ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოწურეს წინასწარ პატიმრობაში და გამოძიება გავიდა ბოლოში და შესაძლებელია, რომ ეს პირები საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ", - აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, მისთვის მთავარია გამომძიებელი რას ფიქრობს და რამდენად სწრაფად შეძლებს მომავალში საქმეზე განაჩენი დააყენოს, რომელიც საზოგადოებას ეტყვის ვინ რა დააშავა, ვისი დავალებით და რატომ.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 იანვარს გაიმართება. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა