განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ განათლებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის შემთხვევაში, უწყების ხელმძღვანელი თავად გახდეს.
როგორც მან ფორმულას განუცხადა, თუ გუნდი ამ თანამდებობას შესთავაზებს, "სერიოზულად დაფიქრდება".
"ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე", - თქვა წულუკიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, კულტურის სფეროს ინტერესები "ჩაიკარგა".
"დარწმუნებული ვარ თქვენც ხედავთ. რომ კულტურის სფერო, მას შემდეგ რაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, თითქოს ის ინტერესები, რაც არის დასაცავი, ჩაიკარგასავით. ამიტომ, ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს. მიიღებს ეს გამოსწორება ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბების ფორმას თუ არა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მთავრობის დამტკიცებას. მე როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა და არა დეპუტატის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფისა და მის ხელმძღვანელად თეა წულუკიანის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ფორმულამ 18 დეკემბერს გაავრცელა.