იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს თვითიზოლაციიდან უჭერს და დარწმუნებულია, რომ პარლამენტი "სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს".
"დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო", - წერს წულუკიანი Facebook-ზე, - "დღეს ვერ ვესწრები სხდომას, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს".
წულუკიანს კორონავირუსი გუშინ, 15 თებერვალს დაუდასტურდა, რის გამოც, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის განხილვას ვერ დაესწრება.
ქართული ოცნების დეპუტატების დღევანდელი გადაწყვეტილება მელიას პატიმრობის საკითხის გადაწყვეტაში საკვანძო მნიშვნელობის იქნება, ვინაიდან პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ნაცვლად პატიმრობა უკვე მოითხოვა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.