logo
ENG



წულუკიანი მუზეუმზე: გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, მათ რეალური არგუმენტები არ აქვთ

06 აგვ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock 858
წულუკიანი მუზეუმზე: გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, მათ რეალური არგუმენტები არ აქვთ

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმის მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება და მათ "ჩაფლავებულს" უწოდებს.

ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა მუზეუმთან დაკავშირებით საზოგადოებას "ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი ვერ მიაწოდეს".

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს. თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ", - თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, ხელოვნების მუზეუმი ბოლო წლების განმავლობაში "გამოიშიგნა" და სამინისტრო მის ინვენტარიზაციის შედეგებს სექტემბერში წარადგენს. 

ამასთან, წულუკიანი ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩია ადგილები, სადაც ექსპონატები განთავსდება.

„ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ შენობა რომ აღდგეს, რა თქმა უნდა, მძიმე ფიზიკური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი და ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, სანამ უკან დაბრუნდებიან. შეირჩა ორი სივრცე, ერთი გახლავთ ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს და დაიტევს მხოლოდ ნაწილს.

მეორე სივრცე კი არის შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა კორპუსი, რომელიც ამ ფონდებს სრულად დაიტევს. ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის, ფასეულობებისთვის და ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო" - თქვა წულუკიანმა.

გუშინ, 5 აგვისტოს, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ხელოვნების მუზეუმი საფრთხის ქვეშაა და წულუკიანისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვდნენ. 

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ექსპერტიზის დასკვნა კომპანია "კარიატიდამ" მოამზადა.  

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს. 

მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც

დანგრევის შესახებ დასკვნა გააპროტესტა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რის გამოც ის, მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. მისი ადგილი, თეა წულუკიანის ბრძანებით, ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 


close დახურვა