პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტს შესთავაზა, იმსჯელონ დაგეგმილი ამნისტიის გაფართოებაზე და იმაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა შეღავათი გრძელვადიანი სასჯელის მქონე პატიმრებსაც.
წულუკიანის განცხადებით, ამის მიზეზი საზოგადოების მხრიდან ამნისტიის მასშტაბურობის მოლოდინია.
"არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წელს. აქ პასუხი მარტივია, 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, რომელთა უმრავლესობაც საერთოდ დამნაშავეც არ იყო, მაგრამ ეს ვერ შველის მოლოდინს, რომ ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას, ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება, დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი და არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის, ეს კითხვის ნიშანი არის. ამ კითხვას ჩვენ თუ არ დავსვამთ, საზოგადოება უკვე სვამს ამ კითხვას და თავს მოვიტყუებთ. ამიტომ, ალბათ, იურიდიულ კომიტეტზე და თქვენთანაც, კარგი იქნება, თუ ამ კითხვაზე ერთად ვიმუშავებთ - არის ეს საბოლოო ვერსია, თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, საქართველო, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროსაბჭოს სივრცეში, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. წულუკიანის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 7 500 მსჯავრდებული და 2 500 ბრალდებულია, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია.
წულუკიანის განცხადებით, ამნისტიის პროექტი ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან ამან, შეიძლება, უფრო ცუდი შედეგები მოიტანოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც ასეულობით პატიმრის განთავისუფლებას ითვალისწინებს.
"ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ნასამართლეობის არქონა, ასევე გათვალისწინებულია ხანდაზმული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის, ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით მოიცავს დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები. ამნისტია შეეხება 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულებებს. საუბარია, სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ პატიმარზე", - განაცხადა სარჯველაძემ.
კანონპროექტი ბიუროზე 16 დეკემბერს დაარეგისტრირეს. ამჟამად, საკნონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.