კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუკი საჭიროება გაჩნდება, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ. როგორც ის ამბობს, "განგაშის საფუძველი არ არსებობს".
"შეგიძლიათ იყოთ მშვიდად იმიტომ, რომ როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. [...] შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ, ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას", - ამბობს მინისტრი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება.
სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, სააკაშვილს ინტენსიური მკურნალობა სჭირდება, რაც იქ ვერ განხორციელდება. მათი დასკვნით, აღნიშნულ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა.