იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრსა და იუსტიციის სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება, დაარეგულიროს ხელოვნური განაყოფიერების საკითხები.
წულუკიანის თქმით, უნდა აღიკვეთოს ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული.
"ყალბი ინფორმაციის უკან, ჩემი ვარაუდით, დგანან ის კომპანიები, რომლებიც სუროგაციის გზით, უცხოელი წყვილების საქართველოში შემოყვანით, როდესაც ხდება სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა და მათი საქართველოდან გაყვანა, ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებენ. იუსტიციის მინისტრსა და იუსტიციის სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს. შესაბამისად, ვერ განხორციელდებოდა ის, რისი უფლებამოსილებაც მინისტრს არ აქვს. არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის, ეს ყალბი ინფორმაციაა.
ახალი წესი ეხება მხოლოდ სუროგაციას. 100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ითავსებს სხვა პირებს ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, მათი 100% არის საქართველოს მოქალაქე. ის წყვილები, 98% და მეტი, რომლებიც სარგებლობენ სუროგაციის სერვისით საქართველოში, არიან უცხოელები. შესაბამისად, შემოდის წესი, რომ კვლავაც წყვილი გაგებული იქნება როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესია ის, რომ ჩვენ უნდა აღკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით გზით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნებისთვის ქმნის სუროგაციის გზით ბავშვს და გაყავს საქართველოდან. ამიტომაც, მოვითხოვთ 1 სექტემბრიდან, ნოტარიუსთან მისული წყვილი ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს 1 წელი მაინც, რათა მივიღოთ, რომელსაც ნამდვილად უნდა შვილი და არა შვილი იმისთვის, რომ საქართველოდან გაიყვანოს და შემდეგ ბავშვის უფლებები დაირღვეს", - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, 2020 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედებული ბრძანების თანახმად, ექსტრაკორპორული გზით განაყოფიერების სერვისით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ წყვილებს შეეძლებათ, რომლებიც ქორწინებაში ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მინიმუმ 1 წელია იმყოფებიან.
"ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით", - წერია წულუკიანის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ინიცირებულ ცვლილებებში.