იუსტიციის მინისტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულების კარი დღეს ჟურნალისტებს მას შემდეგ გაუხსნა, რაც სახალხო დამცველმა იქ არსებული პრობლემების შესახებ უმწვავესი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც ჩანს თეა წულუკიანი ამ გზით პრობლემის განეიტრალებას ცდილობს. ჟურნალისტები დღეს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საახალწლო კონცერტზე დაპატიჟეს. სახალხო დამცველი კი ციხეებში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.
„დღევანდელი ანგარიში არის ძალიან დაბალანსებული, არის ერთეული შემთხვევები, როცა არაეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორი თანამშრომელს, მაგრამ ამის გამოსწორებაზე ჩვენ ვმუშაობთ. მამაკაცთან დაწესებულებებში გვაქვს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულებს შორის არის ჩხუბი. მთავარი პრობლემა არის სამედიცინო რიგები“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
ე.წ. ტროლების სკანდალის შესახებ კი იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ არანაირი გამოძიება არ დაიწყება.
„არ იგეგმება გამოძიების დაწყება, იგივე ანალოგიით მაშინ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსის სახელს ამოფარებული. გამოძიება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო განკითხვას დაემსგავსება, ჩვენთან არ მოხდება“, - ამბობს წულუკიანი.