იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს და რომელიც, უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება, 8 თებერვალს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს ეწვია.
წულუკიანმა შეხვედრისას კულტურის სფეროში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ცენტრის თანამშრომლებთან იუსტიციის ყოფილი მინისტრის გაცნობითი შეხვედრა მრავალი მედია- და პოლიტიკური აქტორის მხრიდან კულტურის მინისტრის თანამდებობისთვის მზადებად შეფასდა.
მინისტრის პორტფელის დატოვების შემდეგ, წულუკიანმა საქმიანობის პროფილი სწორედ მე-10 მოწვევის პარლამენტში შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს პარლამენტში განათლებისა და კულტურის მიმართულება ჩაბარდა, ჩვეულებისამებრ, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების დღიდან, წულუკიანი მწვავე, უკმეხი და ხშირად, არაეთიკური პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა.
4 თებერვალს ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების გამო ევროპარლამენტარებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილიც კი მისწერეს, რომელშიც წულუკიანის განცხადებებს "უსიამოვნო, არაეთიკური და სამწუხარო" უწოდეს.
კულტურის მინისტრად წულუკიანის დანიშვნასთან დაკავშირებით კი, თავდაპირველად, ინფორმაცია ფორმულამ 2020 წლის 18 დეკემბერს გაავრცელა. ფორმულამ ასევე წინმსწრებად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება განათლებისა სამინისტროსგან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფას გეგმავდა.
8 თებერვალს კი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა მართლაც იგეგმება. ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პროფესიით დიპლომატის სპორტისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მოიწონეს და განაცხადეს, რომ წულუკიანი სპორტისა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდება.